ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მის მხარდასაჭერად გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მივიდა
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მის მხარდასაჭერად გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მივიდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პრეზიდენტის, რუმენ რადევის მხარდამჭერი, ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. აქციაზე თავად რუმენ რადევიც მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ათასობით ადამიანი ბულგარეთის დედაქალაქის ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა. დემონსტრანტები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდნენ.

პროკურატურის განკარგულებით, ჩხრეკა ჩატარდა იურიდიულ და ანტიკორუფციულ საკითხებში პრეზიდენტის მდივნის და უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩევლის კაბინეტებში. გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროების საქმეებზე მიმდინარეობს.

ადმინისტრაციის ორივე თანამშრომელი 24 საათით დააკავეს. ჯერ უცნობია, წაუყენებენ თუ არა მათ ბრალს.

თავად პრეზიდენტი რუმენ რადევი აცხადებს, რომ გამოძიების მიზეზი მთავრობისა და პროკურატურის მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკა გახდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გასულ წელს რადევმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ივან გეშევის კანდიდატურის დაბლოკვა სცადა. გეშევის მთავარ პროკურორად დანიშვნის წინააღმდეგ ბულგარეთში საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. აქციის მონაწილეები მას კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

რადევი ხშირად აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობას კორუფციის აღმოსაფხვრელად არასაკმარის ძალისხმევაში.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული.