ბულგარეთის პრემიერმა ქვეყნის ფერმერები, რომლებიც ბულგარეთში უკრაინიდან მარცვლეულის შეტანას აპროტესტებენ, ტერორისტებს შეადარა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა ქვეყნის ფერმერები, რომლებიც ბულგარეთში უკრაინიდან მარცვლეულის შეტანას აპროტესტებენ, ტერორისტებს შეადარა.
ბულგარეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ფერმერების პრეტენზია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის შესახებ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
დენკოვმა მარცვლეულის მწარმოებლებს ურჩია, უარი თქვან ევროპულ ფონდებზე და შემდეგ აკრძალონ უკრაინული საქონელი.
„ტრაქტორები, რომლებითაც სურთ გზების გადაკეტვა, ევროპული სახსრებით არის შეძენილი. ვერ იტყვიან, რომ ევროპას არ აინტერესებს, როცა სუბსიდიების და დახმარების სახით მიღებული თანხების უმეტესი ნაწილი ევროპულია. მე არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან“, – განაცხადა ნიკოლაი დენკოვმა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები დაგმო ბულგარეთის ფერმერთა კავშირმა და განაცხადა, რომ ბოლო 100 დღის განმავლობაში მათთან შეხვედრაზე უარს ამბობდნენ.
18 სექტემბერს ბულგარელი ფერმერები გეგმავენ ბლოკადას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის საზღვრის გადაკვეთაზე ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომ არ გააგრძელოს აკრძალვა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტზე.