ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 162 ხმით 55-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა ხელმეორედ დაუჭირეს მხარი უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უსასყიდლო გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.
4 დეკემბერს ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა შესაბამის კანონს ვეტო დაადო და ის პარლამენტს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. ვეტოს მიზეზად ბულგარეთის პრეზიდენტი ასახელებდა იმას, რომ პარლამენტის წევრები საკმარისად ვერ გაეცნენ დახმარების კონკრეტულ პარამეტრებს, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ობიექტურად შეფასება, აღნიშნული ტექნიკა არის თუ არა საჭირო თავად ბულგარეთში.
ამავე სესიაზე ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებას. კერძოდ, იგეგმება კიევისთვის მწყობრიდან გამოსული, დაძველებული ან ზედმეტი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემა.
პარლამენტში გამართულ კენჭისყრებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პარლამენტს და პოლიტიკურ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაძლიერებთ ევროპას და ვიცავთ თავისუფლებას“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.