ბულგარეთის პარლამენტის ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, მისი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში გაზრდიდა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობა და მისი წინსვლა ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობის მქონე იქნება ჩვენთვის, ვინაიდან საქართველო ბულგარეთის ერთგული პარტნიორია და მისი წევრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნებოდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაზრდისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის,- ამის შესახებ ბულგარეთის პარლამენტის ევროკავშირის, შენგენის და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დენიცა სიმიონოვამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბულგარეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია ეკონომიკისა და კულტურის სფეროში, მისი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაზრდიდა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.
„პოლიტიკური ფრაქციის „ვაგრძელებთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“ სახელით, მსურს დავაფიქსირო დეკლარაციის მხარდაჭერა, ვუჭერთ რა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებს და მის სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობა და მისი წინსვლა ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობის მქონე იქნება ჩვენთვის, ვინაიდან საქართველო ბულგარეთის ერთგული პარტნიორია და მისი წევრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნებოდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაზრდისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის.
აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ღია სამხედრო აგრესიის პირობებში, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა ნორმის დარღვევით ხორციელდება. აღნიშნული აგრესია რუსეთის მხრიდან ჩვენი ქართველი მეგობრებისთვისაც ნაცნობია, რადგან მათ ეს 2008 წელს გამოსცადეს საკუთარ თავზე.
საქართველო ბულგარეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია ეკონომიკისა და კულტურის სფეროში, მისი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაზრდიდა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარდაჭერასთან ერთად, ვიაზრებთ იმ რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოს აქვს გასატარებელი და მათი იმპლემენტაცია იქნება ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციის გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
აღნიშნული რეფორმების განხორციელება, აგრეთვე მნიშვნელოვანია სტაბილურობის, დემოკრატიის გამყარებისა და კანონის უზენაესობის გამტკიცებისთვის საქართველოში. ჩვენი ეროვნული გამოცდილება ამ მიმართულებით, სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ მისი გაზიარებისთვის. აქვე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაცვა და შესრულება აუცილებელი პირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ აღნიშნულ დეკლარაციას, რითაც მხარს დავუჭერთ საქართველოს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, რაც პოზიტიური იქნება რეგიონისა და მთლიანად ევროპული ოჯახისა და მისი განვითარებისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა დენიცა სიმიონოვამ.
ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
ეკატერინე ზახაროვას კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.