ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდით არის დაინტერესებული
ბულგარეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანისგან გაზის მიწოდების გაზრდით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აზერბაიჯანი ბულგარეთის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირების მნიშვნელოვანი წყაროა. 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ექსპლუატაციის საშუალებით ბულგარეთი, ფაქტობრივად, სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, რითიც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირებას. აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდისთვის პირობების უზრუნველყოფა ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს“, – განაცხადეს სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაზის მიწოდების მოცულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ბულგარეთის საბაზრო ინტერესსა და მოთხოვნაზე, არამედ მისი მეზობლებისაც.
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სამხრეთის გაზის დერეფნით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო.