ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბულგარეთს გადასცეს. სევერინ კ. გერმანიაში ახლობლებთან აფარებდა თავს. ის ქალაქ შტადეში დააკავეს.
30 წლის ჟურნალისტის ცხედარი 6 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ რუსეში, ერთ-ერთ პარკში იპოვეს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ვიქტორია მარინოვას თავს ვარჯიშის დროს დაესხნენ, გააუპატიურეს და მოკლეს.
გერმანელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელი მარინოვას ეკამათა, რის შემდეგაც დაახრჩო და ცხედარი ტყეში გადამალა.
თავად ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ჟურნალისტი არ გაუუპატიურებია და მის მოკვლას არ აპირებდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სევერინ კ-ს უვადო პატიმრობა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა, მკვლელობამდე ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს იძიებდა.