ბუდუ ზივზივაძე „დინამოს“ იჯარაზე შეუთანხმდა
ბუდუ ზივზივაძე „დინამოს“ იჯარაზე შეუთანხმდა

ბუდუ ზივზივაძე საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” წინადადებას დათანხმდა და კახა კაჭარავას გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას მალე დაიწყებს.

23 წლის ცენტრალური თავდამსხმელის ტრანსფერი დანიის პირველი დივიზიონის „ესბიერგს“ ეკუთვნის. ზივზივაძე 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა და დანიაში სწორედ მაშინ წავიდა. მაგრამ ზივზივაძეს დანიაში კარიერა ვერ აეწყო, 2017 წლის ბოლოდან გუნდს გაშვება მოსთხოვა და თავადაც აქტიურად ცდილობდა ახალი გუნდის მოძებნას. მას საქართველოდან ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ დაუკავშირდნენ, თავდამსხმელმა კი კარიერის გაგრძელება „დინამოში“ ამჯობინა, რადგან უკეთესი პირობები შესთავაზეს.

პირველი არხის ინფორმაციით, დანიელებმა თბილისურ კლუბთან ხელშეკრულების პირობები შეათანხმეს – ზივზივაძე „დინამოში“ 2018 წლის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. „ესბიერგთან“ კი კონტრაქტი 2019 წლის ბოლოს უმთავრდება.