ბუდაპეშტში სტუდენტებმა „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდამჭერი აქცია გამართეს
ბუდაპეშტში სტუდენტებმა „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდამჭერი აქცია გამართეს. მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული სასწავლებლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თუ უნგრეთის მთავრობა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს არ მიიღებს, უნივერსიტეტი ვენაში გადავა.
„ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის წინ გაიხსნა, არაერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა ახალგაზრდამ დაამთავრა.
ბუდაპეშტის ქუჩაში შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი, ამიტომ მისი დახურვა დაუშვებელია.
უნგრეთის მთავრობა, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, ჯორჯ სოროსს „ევროპული ცივილიზაციის განადგურებაში“ ადანაშაულებს. ხელისუფლების თქმით, სოროსი არალეგალ მიგრანტებს ეხმარება, რომლებიც თავის მხრივ ევროპულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან. ხელისუფლებამ არაერთი მკაცრი კანონი მიიღო, რის გამოც სოროსის ფონდმა უნგრეთი დატოვა.