ბუდაპეშტში, მმართველი პარტიის ოფისთან, მასწავლებლების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბუდაპეშტში, მმართველი პარტიის ოფისთან, მასწავლებლების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

უნგრეთის დედაქალაქში, მმართველი პარტიის ოფისთან, მასწავლებლების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ათასობით სტუდენტმა, მასწავლებელმა და მათმა მხარდამჭერმა ბუდაპეშტში მსვლელობა გამართა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მასწავლებლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ცვლილებები მასწავლებლების სამუშაო პირობებს დაამძიმებს. ხუთი ათასამდე მასწავლებელმა უკვე განაცხადა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში სამსახურს დატოვებს.

მთავრობის განმარტებით კი, ახალი კანონი განათლების ხარისხს გაზრდის.

ბუდაპეშტში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა მოქალაქეებმა ასევე გამოთქვეს უკმაყოფილება მაისის დასაწყისში მასწავლებელთა მხარდამჭერ აქციაზე პოლიციის მიერ ცრემლსადენი აირის გამოყენებისა და რამდენიმე მომიტინგის დაკავების გამო.