უნგრეთის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბუდაპეშტის ცენტრში უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებს ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.
დემონსტრაციის გამართვის საბაბი იყო სკანდალი, რომელშიც უნგრეთის მთავრობა მას შემდეგ გაეხვია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებული შეიწყალა.
მომხდარის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ხოლო უნგრეთის იუსტიციის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მიუხედავად ამისა, სკანდალს უნგრეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცხრა ცნობილმა უნგრელმა ინფლუენსერმა ბუდაპეშტის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდება გაავრცელა.
უნგრეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.