თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯივიპიმ“ (GWP) მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, განახლდა სანიაღვრე ქსელი. გაზის მილები შეცვალა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“.
„რაც შეეხება მიწის ზემოთ სამუშაოებს, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო გზის საფარი. გარდა ამისა, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
განახლებულ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული სქემაც ამოქმედდება. კანდელაკის ქუჩაზე კერძო ტრანსპორტი, როგორც აქამდე, ახლაც ცალმხრივად, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით. ნუცუბიძის ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ ავტობუსების და მიკროავტობუსების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ავტობუსის ზოლი დაიხაზება.
„N6 და N29 ავტობუსები და N4, N11, N 58, N66, N72, N124, N161 და N208 მიკროავტობუსები ფანჯიკიძის ქუჩის ნაცვლად კანდელაკის ქუჩაზე იმოძრავებენ, რაც ფანჯიკიძის ქუჩაზე ტრანსპორტი მოძრაობას მნიშვნელოვნად განმუხტავს, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება შეამცირებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის დროს და საბურთალოს ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურებას გააუმჯობესებს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის კანდელაკის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანზე კუნძული მოეწყო. ავტომანქანების პარკირებისთვის კი, კანდელაკის ქუჩის მთელს სიგრძეზე უკიდურესი მარჯვენა ზოლი გამოიყოფა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.