ბრუნო ლე მერი - აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით დაზარალებულ ევროპულ კომპანიებს კომპენსაციას სავარაუდოდ, ევროკავშირი გადაუხდის
აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით დაზარალებულ ევროპულ კომპანიებს კომპენსაციას სავარაუდოდ, ევროკავშირი გადაუხდის. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.
ბრუნო ლე მერის თქმით, ევროკავშირს მსგავსი მექანიზმი გააჩნია და მისი ამოქმედება ევროპული კომპანიების დასაცავად სრულიად შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ირანთან საქმიანი ურთიერთობის მქონე ევროპული კომპანიები საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან გაფორმებული შეთანხმებიდან აშშ-ის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„მივცემთ თუ არა ჩვენ აშშ-ის იყოს მსოფლიოს ეკონომიკის ჟანდარმი? პასუხია – არა“, – განაცხადა ბრუნო ლე მერმა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აგრძელებენ, რომელთა მიზანიც აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, ირანთან გაფორმებული შეთანხმება ძალაში დარჩეს.