ბრმა, უიშვიათესი ოქროსფერი თხუნელა 86 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერები შიშობდნენ, რომ დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელა (Cryptochloris wintoni) თითქმის საუკუნის წინ გადაშენდა.
თუმცა, მეგობარი ძაღლის დახმარებით, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, მეცნიერებმა ეს ცხოველი 1936 წლის შემდეგ პირველად ნახეს.
„ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ის სულ იქ იყო, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ახლა, ბოლოსდაბოლოს ვიცით“, — ამბობს სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჟან პიერ რუ.
ეს ბრმა არსებები ზედმეტად მოუხელთებელნი არიან, რადგან ცხოვრების უდიდეს ნაწილს მიწისქვეშ ატარებენ და თანაც, ქვიშაში ისე დაცურავენ, რომ კვალს თითქმის არ ტოვებენ.
მათი ბეწვი სპეციალური ზეთების გამო ბზინავს, რომელიც ერთგვარი საპოხიც არის მიწისქვეშ, ათი სანტიმეტრის სიღრმეში გადაადგილებისათვის; ასე ინარჩუნებენ ისინი სიგრილესაც უდაბნოს ყველაზე ცხელ დღეებშიც კი.
ქვიშაში გაყვანილი მათი სოროები გავლისთანავე იშლება და ზედაპირზე მხოლოდ უმცირესი კვალი რჩება.
დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელები წყლის დასალევადაც არასოდეს არავის უნახავს. ზედაპირზე მხოლოდ ღამით ამოდიან, საკვების საძებნელად.
„დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელას პოვნა ადვილი არ ყოფილა. ქვიშაში არც ამოზნექილობას ტოვებენ და ახლა უკვე შესაძლებელია დავიცვათ ის ტერიტორიები, სადაც ეს საფრთხის ქვეშ მყოფი, იშვიათი თხუნელები ბინადრობენ“, — ამბობს აღმოჩენის ერთ-ერთი დამფინანსებელი ორგანიზაცია Re:wild-ის კონსერვაციონისტი კრისტინა ბიგსი.
მოძრავ ქვიშაში ამ მოუხელთებელი არსების საპოვნელად, სტელენბოშის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა სამანტა მინჰარდტმა და მისმა კოლეგებმა გარემოში აღებული დნმ გამოიყენეს.
„ნიადაგიდან დნმ-ის მოპოვება ადვილი არ არის. თუმცა, გამოვიყენეთ ჩვენი უნარები და დავხვეწეთ მეთოდები. საკმაოდ დარწმუნებული ვიყავით, რომ დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელა ამ გარემოში არსებობდა. მისი დნმ-ის პოვნითა და გაშიფვრით, ბოლოს მისი დაფიქსირებაც უნდა შეგვძლებოდა“, — ამბობს მინჰარდტი.
ძებნის უფრო გასამარტივებლად, მკვლევრებმა მაძებარი ძაღლი, სახელად ჯესი დაიხმარეს.
ნიმუშზე ჯესის დააყნოსვინეს და ამ ზონაში გავრცელებული თხუნელების სხვა სახეობათა სუნზე გაწვრთნეს.
ჯესიმ გზად ნანახი ზოგიერთი სორო საერთოდ ვერ აღიქვა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეკუთვნოდა სახეობას, რომლის სუნიც იქამდე არასოდეს ეგრძნო.
ჯგუფმა ამ გაურკვეველი ცხოველის ნაკვალევზე, ნიადაგის ასზე მეტი ნიმუში შეაგროვა, ასევე ბეწვში, კანსა და ფეკალიებში შემავალი ყველა სახის დნმ.
გარემოში აღებული ამ დნმ-ის საფუძველზე, ჯგუფმა შეიტყო, რომ დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელას პოპულაცია ლამბერტის უბიდან ჩრდილოეთით, პორტ-ნოლოთამდე იყო გავრცელებული.
ასევე აღმოაჩინეს საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა სახეობის, ვან ზილის ოქროსფერი თხუნელას (Cryptochloris zyli) ნაკვალევი.
ოქროსფერი თხუნელები სინამდვილეში თხუნელები კი არ არიან, არამედ ახლოს ენათესავებიან მილკბილებსა და ზღვის ძროხებს. სახელი ბრიტანელი ზოოლოგის, უილიამ ედუარდ დე ვინტონის პატივსაცემად უწოდეს.
აქვთ უნიკალური ყურის ძვლები, რომლებიც მათ ქვიშაში სმენაში ეხმარება და აბალანსებს მხედველობის არქონას.
ჭამენ ჭიებს, მწერებსა და ზოგჯერ პატარა ქვეწარმავლებს. დიდი წვლილი შეაქვთ ნიადაგის სიჯანსაღეში, რადგან აფხვიერებენ და ანოყიერებენ.
ამ უიშვიათეს ცხოველს დიდ საფრთხეს უქმნის სამთო მოპოვებითი საქმიანობა, სოფლის მეურნეობა და საცხოვრებელი ზონების გაფართოება.