ბრიუსელში საქართველო-მოლდოვა-უკრაინის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში საქართველო-მოლდოვა-უკრაინის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე უახლესი საკანონმდებლო ღონისძიებები გააცნეს, რომლებიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის სრულყოფას და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

სხდომაზე განიხილეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ ინიციატივა. პარლამენტის წევრებმა სამმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან განსხვავებით, სხვა ამბიცია და სამართლებრივი კავშირის გვაქვს ევროკავშირთან. სწორედ, ამისთვის შეიქმნა ჩვენი ცალკე პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. საპარლამენტო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გამყარდება სექტემბერში, როცა თბილისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართება. თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენს სამ ქვეყანას შორის ევროპარლამენტარების, ევროკომისიისა დ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხარდაჭერა აქვს. იმედია, ერთმანეთს გავაძლიერებთ საერთო მიზნისკენ სვლაში“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, ევროპარლამენტის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.