ბრიუსელში, საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის გადავადების შესაძლებლობას განიხილავენ
ბრიუსელში, საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის გადავადების შესაძლებლობას განიხილავენ

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტი იმართება. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურები ბრექსიტის გადავადების შესაძლებლობას განიხილავენ.

სამიტზე ჩასულმა ტერეზა მეიმ სინანული გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერების ხელახლა შეკრება გახდა საჭირო, რადგან გაერთიანებულ სამეფოს აქამდე უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი.

მისივე თქმით, ლეიბორისტებთან მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, მაგრამ ლონდონს ბრექსიტისთვის მეტი დრო სჭირდება. მან არ გამორიცხა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 22 მაისამდე დატოვოს.

პირველი შეხვედრა ტერეზა მეიმ ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ანტონიო ტაიანისთან გამართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ იტალიელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრექსიტის დროს ევროპის და ბრიტანეთის მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს.

სამიტზე იმყოფება გერმანიის კანცლერიც. როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის თანმიმდევრულად და გეგმურად დატოვება ბრიუსელის და ლონდონის ინტერესებშია.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ბრექსიტის 30 ივნისამდე გადადებას ითხოვს.