ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ივლისში დაგეგმილ სამიტზე განსახილველ თემებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უმთავრესი ნატო-ს ძალების სამხედრო მზადყოფნის გაზრდაა.
თავდაცვის მინისტრები ალიანსის ორი ახალი სამეთაურო პუნქტის გახსნაზე შეთანხმდებიან, რომლებიც ატლანტის ოკეანესა და ევროპაში ნატო-ს ძალების სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ასევე, განიხილება ახალი სარეზევრო ძალების ფორმირების საკითხი, რომელშიც 30 მექანიზებული ბატალიონი, 30 თვითმფრინავი და 30 სამხედრო ხომალდი შევა, მათი სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა 30 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივის რეალიზება 2020 წლამდე იგეგმება.
ამასთან, მინისტერიალზე განიხილავენ ავღანეთის მისიის მომავალს და ერაყში ნატო-ს ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხს.
შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება. ხვალ მინისტერიალში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.