ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე ასპირანტი ქვეყნების პროგრესს შეაფასებენ
დღეს ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. მინისტერიალზე დიპლომატებმა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაზე უნდა იმსჯელონ, ასევე გაეცნობიან და შეაფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ასპირანტმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს.
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები საქართველოზე, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მაკედონიაზე იმსჯელებენ. ასპირანტთა სიას უკრაინაც დაემატა, მაგრამ უკრაინაზე აპრილის მინისტერიალზე საუბარი დაგეგმილი არ არის.
ასპირანტებზე ანგარიში გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეაფასა. დღევანდელი შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპია ნატო-ს ივლისის სამიტისთვის, რომელიც ბელგიის დედაქალაქში გაიმართება.
პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამიტზე საქართველო მიწვეულია და ივლისში, სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
„იმედი მაქვს, რომ კომისიის სხდომა უმაღლეს დონეზე ჩატარდება, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, შევაფასოთ და ვაღიაროთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. საერთოდ რა გზა გამოვიარეთ, რამდენად დატვირთული იყო ეს გზა და მოვედით იქამდე, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. 10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ეს სიმბოლურიცაა. უნდა აღინიშნოს პროგრესი და ასევე ახალი ენერგია უნდა მიეცეს ჩვენს თანამშრომლობას. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს მთავრობა სრულად იყენებს შესაძლებლობებს. გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, არის სწორი გზა. ეს არის გზა მექანიზმების გამოყენების, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებების მიღების დროც აუცილებლად დადგება“, – განუცხადა პირველ არხს ჯეიმს აპატურაიმ.
ნატო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოებაზე და ღია კარის პოლიტიკაზე ორგანიზაციაში მსჯელობა აქტიურად მიდის. ჯეიმს აპატურაის თქმით, ალიანსმა მონტენეგროს მაგალითზე აჩვენა, რომ რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება მონტენეგროს გაწევრიანების თაობაზე და ის მომავალშიც ასე გააგრძელებს.
„ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ამ ორგანიზაციის წევრები გახდნენ. რუსეთისთვის ეს მიუღებელია, ვინაიდან მას სურს, ჰქონდეს პრივილეგიის ზონები, ბუფერული ზონები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა სხვა ქვეყნების ნაცვლად გადაწყვიტოს, თუ რა უსაფრთხოების მექანიზმები ჰქონდეთ მათ. ეს არის ის მიმართულება, სადაც ნატო-ს და რუსეთს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ალიანსმა მონტენეგროს მაგალითზე აჩვენა, რომ რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მონტენეგროს გაწევრიანების თაობაზე. ნატო მომავალშიც ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.