ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დასრულდა
ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დასრულდა

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს სამხედრო აქტივობების, ჰიბრიდული გამოწვევებისა და ავღანეთის საკითხები.

„ელჩებს ჰქონდა ღია საუბარი რამდენიმე თემაზე, მათ შორის უკრაინაში და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე; სამხედრო აქტივობებთან, ურთიერთგამჭვირვალობასთან და რისკების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ავღანეთსა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე“, – აღნიშნულია ნატო-ს განცხადებაში.

ამას გარდა, შეხვედრის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს შეახსენა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა.

ნატო-მ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის შემდეგ მთლიანად შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომები ელჩების დონეზე განახლდა.