ბრიუსელში ხორვატიის თავდაცის უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა ხორვატმა კოლეგამ დამირ კრსტიჩევიჩმა მოაწერეს.
ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ლევან იზორიამ ხორვატიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ხორვატიამ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მსგავსად ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა და მისი მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან ღირებულია. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ხორვატიის მხარის ჩართულობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს სახელით წარსდგება.
„შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, საქართველოს სახელით, საჯაროდ განაცხადოს მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. საქართველო ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მომავალშიც იმ რაოდენობით გააგრძელებს კონტრიბუციას, რა რაოდენობითაც დღეს არის წარმოდგენილი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განხილული ინიციატივებისა და თემების მიმართ საქართველო აბსოლუტურად ადეკვატურია თავის რეფორმებში და ამ რეფორმების განხორციელებით მოწინავე და პროგრესული ქვეყანაა, რაც გაცხადდა კიდეც.
თავდაცვის მინისტრმა ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება.
„გვაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯაროდ გაცხადდება განცხადებაში, რომელსაც ნატოსთან ერთად საქართველო მიიღებს და რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მყარი საფუძველი და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.