ბრიუსელში კაფეებში, რესტორნებსა და სხვა საჯარო სივრცეში შესასვლელად კოვიდპასპორტებს მოითხოვენ
ბრიუსელში კაფეებში, რესტორნებსა და სხვა საჯარო სივრცეში შესასვლელად კოვიდპასპორტებს მოითხოვენ. შესაბამისი წესი ბელგიის დედაქალაქში პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
როგორც „გარდიანი“ იუწყება, სიახლის შესახებ ოფიციალურ განცხადება ქალაქის მთავრობა მომდევნო კვირაში გააკეთებს. მათ ცნობით, კოვიდპასპორტის წარდგენა სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებში, ღამის კლუბებში, სპორტულ ცენტრებსა და დიდი ღონისძიებებზე მოსახვედრად 16 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს მოუწევს.
აღსანიშნავია,რომ ბელგია სრულად აცრილი მოქალაქეების რაოდენობით ევროპაში მოწინავეა, თუმცა ბრიუსელში განსხვავებული მდგომარეობა აღინიშნება. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი ბელგიის მასშტაბით კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა მოქალაქეთა 84%-ს აქვს გაკეთებული, თუმცა ბრიუსელში ვაქცინირებულია მხოლოდ 62%-ი.
კოვიდპასპორტი არ ავალდებულებს მოქალაქეს აცრის გაკეთებას. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია ვაქცინირებულია თუ არა მოქალაქე, ასევე როგორია მის მიერ ჩატარებული პისიარ კვლევის ბოლო პასუხი და აქვს თუ არა გადატანილი „კოვიდ-19“.