ბრიუსელში ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებმა ასევე დაბლოკეს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მისასვლელი გზები
ბრიუსელში ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. როგორ „პოლიტიკო“ წერს, დემონსტრაციის მონაწილეებმა ტრაქტორების ალყაში მოაქციეს ლუქსემბურგის მოედანი, რომელიც ევროპარლამენტის წინ მდებარეობს. ფერმერებმა მოედანზე კოცონი დაანთეს.
აქტივისტებმა ასევე დაბლოკეს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მისასვლელი გზები, რის გამოც ბრიუსელის მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.
ევროპელი ფერმერები, უკვე რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ ევროკავშირის მიერ შემოღებულ დამატებით ბიუროკრატიას. ამასთან, ფერმერები ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისა და ე.წ. მწვანე შეთანხმებით გაწერილი ახალი გარემოსდაცვითი წესების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან.