ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე ქვეყანა არაფორმალურ შეხვედრას გამართავს
ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე ქვეყანა ბრიუსელში მიგრაციულ საკითხზე არაფორმალურ შეხვედრას გამართავს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.
„ვიწვევ კვირას არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრას ბრიუსელში, მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პრობლემებზე იმ წევრი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების ჯგუფთან სამუშაოდ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროპული გადაწყვეტილებების მოძებნაში ევროკავშირის სამიტამდე“, – დაწერა იუნკერმა ტვიტერში.
ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში. თუმცა იტალიური და გერმანული მედიის ცნობით, ევროკავშირის სამიტამდე დაგეგმილ არაფორმალურ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ბულგარეთის პრემიერი და ავსტრიის კანცლერი, რომელიც თავმჯდომარეობას 1-ლი ივლისიდან გადაიბარებს.
ევროკავშირის სამიტი 28-29 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება.
Reuters-ი წერს, რომ შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში განთავსდეს.