ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელები ევროპის თავდაცვის ახალი სტრუქტურის შექმნაზე მსჯელობენ.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის ორგანო ნატო-ს კონკურენტი არ იქნება და არც მისი ფუნქციების დუბლირებას მოახდენს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, დღეს მოხდება ევროპის თავდაცვის სტრუქტურის ინიცირება.
მისივე თქმით, ევროკავშირის 20-ზე მეტი სახელმწიფო თანამშრომლობაზე მზაობას ოფიციალური წერილით ადასტურებს.
„ევროპის თავდაცვისთვის ისტორიული დღეა. 13 ნოემბერს ევროპის თავდაცვის სტრუქტურის ინიცირება მოხდება. ევროკავშირის 20-ზე მეტი სახელმწიფო თანამშრომლობაზე მზაობას ოფიციალური წერილით ადასტურებს.
საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ სხდომაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორგანიზაციის წევრებმა კონკრეტული პროექტები უკვე წარმოადგინეს. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილავთ.
ევროკავშირის ყველა ქვეყანა ნატო-ს წევრი არ არის. თავდაცვის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებით ნატო-საც გავაძლიერებთ. ევროკავშირს აქვს ძლიერი ინსტრუმენტები და მათი ეფექტიანად გამოყენება გვჭირდება.
უნდა ვიფიქროთ აფრიკაზეც. აფრიკის უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის ევროპას ბევრი პროექტი აქვს. უმნიშვნელოვანესი საკითხია ფინანსები. ბევრი ამბობს, რომ ევროკავშირი გაცილებით ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე ჩვენი მეგობრები. ახალი სტრუქტურა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თანხები კოორდინირებულად და ეფექტიანად გადავანაწილოთ“,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.