ბრიუსელში ანგელა მერკელსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში ანგელა მერკელსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში, ანგელა მერკელსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის მოლაპარაკებები 40 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩალუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი, ჰულუს აკარი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია, რომ ორი ქვეყნის პოზიციები რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ოფიციალური ბერლინი ანკარას სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

2016 წელს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. ამ დრომდე, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, ოფიციალური მონაცემებით, 77 ათასი ადამიანი დააკავეს. დაიხურა 130-მდე მედიასაშუალება. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხელისუფლებამ ბოროტად ისარგებლა და მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირების მასობრივი დაკავება დაიწყო. ამასთან უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაკავებულების რაოდენობა გაცილებით დიდია.