ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება.
სამიტის მონაწილეები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი/ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე საუბარი შეეხება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგებს, უკრაინაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგს.
სამიტის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტთან იმსჯელებენ მინსკის შეთანხმებაზე, ყირიმის ანექსიაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ენერგო უსაფრთხოებაზე, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და მიზნებზე.
ევროკავშირი-უკრაინის ბოლო სამიტი 2017 წლის 12-13 ივლისს კიევში გაიმართა. დონალდ ტუსკი და პეტრო პოროშენკო ევროკავშირი-უკრაინის საიუბილეო, რიგით 20-ე სამიტის გამართვის შესახებ 2018 წლის მაისში გერმანიაში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.
სამიტის შემდეგ, უკრაინა ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 75 მილიარდი ევროს მიღებას ელოდება. თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს.
ეს არის პირველი სამიტი მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს იმ სარგებელზე, რომელიც შეთანხმებამ უკრაინას მოუტანა, ასევე შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე.
უკრაინის პრეზიდენტს ევროკავშირის უმაღლეს პირებთან დაგეგმილი აქვს უკრაინის ევროპულ მისწრაფებაზე საუბარი. პეტრო პოროშენკოს მიზანია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წინ ქვეყნის სექტორული ინტეგრაცია უძღოდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, ეტაპობრივად ენერგო და საბაჟო კავშირის წევრი გახდეს და გატარებული რეფორმებით რეალობად იქცეს სამომავლოდ უკრაინის შენგენის ზონაში შესვლაც.
ევროკავშირი-უკრაინის ბოლო ორი სამიტი ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. 9 ივლისს სამიტის მორიგი დეკლარაციის მიღება იგეგმება. შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციას გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტი.
11 ივლისს პეტრო პოროშენკო უკვე ნატოელ პარტნიორებს შეხვდება. უკრაინა მიწვეულია ნატო-ს სამიტზე. სამიტის პირველ დღეს პეტრო პოროშენკო კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. 12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტს ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვდება და დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია.
11 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ბრიუსელში ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრაა იგეგმება. სამმხრივი შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე პირველად იგეგმება. ნატო-საქართველო-უკრაინის სხდომის შემდეგ, მომზადდება ანგარიში საქართველოზე და უკრაინაზე. ამ ორ ქვეყანაზე საუბარი იქნება იმ დეკლარაციაში, რომელსაც ნატო-ს წევრები 12 ივლისს, სამიტის ბოლოს მიიღებენ.
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ ალიანსის მომავალი წევრობის შესახებ დაპირება მიიღეს.