ბრიუსელის ებრაულ მუზეუმზე 2014 წელს თავდასხმის შემსრულებელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
ბრიუსელის ებრაულ მუზეუმზე 2014 წელს განხორციელებული თავდასხმის შემსრულებელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბელგიის დედაქალაქის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქე მეჰდი ნენემუში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.
ამას გარდა, სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დანაშაულის ხელშეწყობისთვის საქმის მეორე ფიგურანტს, ასევე საფრანგეთის მოქალაქე ნასერ ბენდრერს.
ტერაქტი ბრიუსელის ცენტრში მდებარე ებრაულ მუზეუმში 2014 წლის 24 მაისს მოხდა. ნემუშმა მუზეუმში კალაშნიკოვის ავტომატიდან ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი ექვსი დღის შემდეგ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დააკავეს. მას თან აღმოაჩნდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაში გახვეული ავტომატი.
ნემუში თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სირიიდან დაბრუნდა, სადაც, გამოძიების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
საფრანგეთში ნემუშის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სირიაში ოთხი ფრანგი ჟურნალისტის მძევლად აყვანის საქმეზე. მათგან ორმა ბრიუსელში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.