ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი აეროპორტში აქციით დახვდა
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი აეროპორტში აქციით დახვდა

ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამოც „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი შეძახილებით დახვდა.

„ჩამობრძანდნენ მონები, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. რატომ არ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას? რამდენად გაიყიდე? რამდენი გადაგიხადა პუტინმა, როგორ არ გრცხვენია, შენ უსამშობლო, აქ როგორ ჩამოდიხარ, გაიქეცი, გაიქეცი, საერთოდ წადი ამ ქვეყნიდან, აქ შენნაირებს არ დაედგომებათ. ევროინტეგრაციას არ ემხრობი? ხელი რატომ არ მოაწერე? გამყიდველო, მონა, მოღალატე“, – ასეთი შეძახილებით მიმართეს გიორგი ვაშაძესა და გიორგი ბოტკოველს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.