ბრიუსელი დიპლომატებს ქალაქში რუსი და ჩინელი აგენტების ყოფნის შესახებ აფრთხილებს
ბრიუსელი დიპლომატებს ქალაქში ათობით რუსი და ჩინელი აგენტის ყოფნის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტ ემ ზუნტაგი“ (Welt am Sonntag) იუწყება.
გერმანული გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის დედაქალაქად წოდებულ ბრიუსელში მომუშავე მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობნით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელში დაახლოებით 250 ჩინელი და 200 რუსი აგენტი მოქმედებს.
აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, დიპლომატებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს ურჩევენ, ბრიუსელის კონკრეტულ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათ შორის არის პოპულარული ბარები, რომლებიც ევროკომისიის შენობასთან ახლოს არის განლაგებული.
გამოცემის ცნობით, აგენტები საკუთარი ქვეყნების საელჩოებში მუშაობენ და სავაჭრო მისიებში არიან ჩართული. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი ფაქტები ბრიუსელში აქამდეც დაფიქსირებულა. 2003 წელს ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთ შენობაში, სადაც ბრიტანელი, ფრანგი, გერმანელი და ესპანელი დიპლომატები მუშაობდნენ, მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს.