გაერთიანებულმა სამეფომ, როგორც გლობალურმა მოთამაშემ, რუსეთის მოსაზღვრე, თავისუფლების მოყვარულ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭიროს, – ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანულ „ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა.
სტატიის ავტორი, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის ყოფილი მინისტრის, ლიამ ფოქსის მრჩეველი და „გლობალ ჯენის” თავმჯდომარე შანკარ სინგჰემი წერს, რომ ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი შეეცდება, გაემიჯნოს ბრიუსელს, რომელიც „ლონდონს მკაცრ რეგულაციებს კარნახობდა“.
ავტორის მოსაზრებით, შესაბამისად, „გაერთიანებული სამეფო საგარეო პოლიტიკას უფრო პრაგმატულად მიუდგება და საკუთარ ეროვნულ, სტრატეგიულ ინტერესებს უფრო მაღლა დააყენებს“.
ამასთან, სინგჰემი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი.
„ამ პოზიციას გონივრული მიზეზები ჰქონდა – ავტორიტარიზმისგან დისტანცირების გზა; ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერა, თავისუფალი ბაზრების გავრცელება; საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენა; რუსული აგრესიის მოთოკვა; დასავლურ/ნატო-ს ორბიტაზე მოქცევისკენ ქვეყნების წახალისება, ნაცვლად რუსეთსა თუ ჩინეთზე სწორებისა“, – ნათქვამია „ტელეგრაფის“ სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, ჩამოთვლილი პრინციპები დღესაც გონივრულია.
„ევროკავშირიდან გასვლამ გაერთიანებული სამეფოს აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში ჩართულობას ხელი არ უნდა შეუშალოს“, – წერს შანკარ სინგჰემი.
მისივე განცხადებით, საქართველო რეგიონში ყველაზე პროგრესულ დემოკრატიას წარმოადგენს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიიდან დავით ზალკალიანმა მიუნხენში ახლახან გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს მთავრობის პოზიციის მიმართ.
„აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა“, – ნათქვამია ბრიტანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ მასალაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გულისყურით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს.
„საუბარია სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში მდებარე ქვეყანაზე, რომელიც მოქცეულია რუსეთს, ირანს, თურქეთსა და შავ ზღვას შორის, ჩინეთის პროგრამის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საკვანძო მონაკვეთზე, ევროპისა და აზიის მთავარ სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებისა და აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ სასწაული მოახდინა.
„საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი რეგიონში ყველაზე მაღალია; ქვეყანაში თავისუფალი, აქტიური მულტიპარტიული დემოკრატიაა (საარჩევნო სისტემა, შოტლანდიის მსგავსად, შერეულია); Freedom House-ის ყოველწლიური გამოკვლევის თანახმად, საქართველო დღეს წარმოადგენს ყველაზე თავისუფალ ქვეყანას რეგიონში (თურქეთზე ორჯერ უფრო მაღალი შეფასება) და რაც ალბათ ყველაზე მეტად შთამბეჭდავია, საქართველო იკავებს მე-7 საპატიო ადგილს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, უსწრებს რა გაერთიანებულ სამეფოს და ავსტრალიას, ასევე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ს. ამას ქვეყანამ მიაღწია ისეთი სტრატეგიის წყალობით, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს კონკურენტულ ეკონომიკას, თავისუფალ ბაზრებს და ინვესტიციებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას, დაბალ გადასახადებს და მსუბუქ რეგულაციებს“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, საქართველოში არის სპეციალური ეკონომიკური ზონები, ხოლო „ბრიტიშ პეტროლიუმი“ ერთ-ერთია იმ ბრიტანულ კომპანიებს შორის, რომლებსაც საქართველოს ღია ეკონომიკამ სარგებელი მოუტანა.
ავტორი აღნიშნავს, რომ „თუკი ბრიტანეთის არქიპელაგი, ბედის წყალობით, მშვიდობიან რეგიონში მდებარეობს და ტერიტორიულად შორს არის აგრესიული ავტოკრატიული ქვეყნებისგან, საქართველო მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებად და ზედმეტად მილიტარიზებულ რეგიონში“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა აცნობიერებს „არასახარბიელო რეალობას“ და რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
„საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯებმა ქვეყნის ეკონომიკას მისცა შემდგომი არსებობის შესაძლებლობა და უზრუნველყო სტაბილურობა რეგიონში, რომელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დაძაბულობის ეპიცენტრად იქცეოდა“, – ნათქვამია „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას უკვე მოაწერა ხელი.
„ამ ნაბიჯით, ბრექსიტის შემდგომ პერიოდში ბრიტანეთ-საქართველოს კავშირების დაცვა უზრუნველყოფილია“, – წერს სინგჰემი. თუმცა, როგორც ავტორი ამბობს, დიდ ბრიტანეთს მეტის გაკეთება შეუძლია.
„რუსულ აგრესიას თბილისის პროდასავლური მთავრობის მტკიცე მხარდაჭერით უნდა დავუპირისპირდეთ და ეს მხოლოდ რიტორიკას არ გულისხმობს“, – ამბობს ავტორი.
მას მაგალითად მოჰყავს რუსეთის მხრიდან საქართველოში მოწყობილი მასშტაბური კიბერშეტევა, რომლის გამოძიებაშიც ბრიტანეთის უსაფრთხოების და დაზვერვის უწყებები იყვნენ ჩართული.
„საქართველო იმსახურებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე იმ სახის მხარდაჭერას უსაფრთხოების სფეროში, რომლის წყალობითაც დადგინდა ხსენებული კიბერშეტევის ფაქტი.
ევროკავშირის საზღვრებს მიღმა მსოფლიო იდეალური არ არის, თუმცა ბრიტანეთის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი უნდა გულისხმობდეს ამ სამყაროსთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. ეს კი ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი მთავრობების მტკიცე აღიარებას და შემდეგ მათი მხარდაჭერის პირობის დადებას.
საქართველო წარმოადგენს ნათელ პასუხს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთისა და ინდონეზიის შესახებ – ეს ორი ახალგაზრდა და აქტიური დემოკრატია წამყვან მოთამაშეებად მოგვევლინება, რის გამოც მათთან ურთიერთობებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრების, გავლენიანი ოფიციალური პირების და ბიზნესმენების მხრიდან. ამ საკვანძო გლობალურ რეგიონებში სწორი სტრატეგიების მხარდაჭერით, შევძლებთ მთელ მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრების მხარდაჭერას.
გლობალური მოთამაშე – ბრიტანეთი ნიშნავს არა მხოლოდ ჩართულობას და ჩვენთვის სასურველი მსოფლიოს მშენებლობას, არამედ იმის გაცნობიერებასაც, რომ მსოფლიოში ცვლილებები ჩვენზეა დამოკიდებული და ამ მხრივ, ჩვენი შეყოვნება გაუმართლებელია.
თბილისსა და სხვა დედაქალაქებს სჭირდებათ ხანგრძლივი, ღრმა ძილიდან გამოსული გაერთიანებული სამეფოს აქტიური მხარდაჭერა“, – ნათქვამია სტატიაში.