ბრიტანული ოჯახი 22-ე შვილს ელოდება. 44 წლის სიუ რედფორდმა „იუთუბის“ არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ორსულად არის.
რედფორდების ოჯახი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახია. მათ 21 შვილი ჰყავთ – 11 გოგო და 10 ბიჭი. ქალს იმედი აქვს, რომ 22-ე ბავშვი ბიჭი იქნება და ოჯახში „გენდერული ბალანსი დაცული იქნება“.
პირველი შვილი სიუ რედფორდმა 1989 წელს გააჩინა, როდესაც ის 14 წლის იყო. 21-ე შვილი რედფორდების ოჯახს შარშან შეემატა.
ინგლისსა და უელსში მოქმედი კანონით, ქალს გათხოვება 16-წლამდე ეკრძალება. თუმცა, კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ თუ 16-წლამდე მიუღწეველ მოზარდთან სექსუალური ურთიერთობა ამ უკანასკნელის თანხმობით იწყება, მაშინ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება.
რედფორდები ვიქტორიანული სტილის ძველებურ სახლში 19 შვილთან ერთად ცხოვრობენ, სადაც 10 საძინებელია. სახლი მათ 11 წლის წინ შეიძინეს. რედფორდების უფროსი შვილები 30 წლის კრისი და 25 წლის სოფია არიან, რომელთაც უკვე საკუთარი შვილები ჰყავთ და ცალკე ცხოვრობენ.
19-ბავშვიდან ექვსი დაწყებით სკოლაში დადის. კიდევ ხუთი უფროსკლასელია. მამას ბავშვები სკოლაში მიკროავტობუსით დაჰყავს. ხოლო როდესაც უფროსები სკოლაში არიან, სამი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან რჩება.
ამასთან, რედფორდების ოჯახში სარეცხს დღეში რამდენჯერმე რეცხავენ. თვის განმავლობაში მათ 30 ბოთლის სარეცხი საშუალება სჭირდებათ.
სიუ რედფორდი ამბობს, რომ ყველზე რთული და ხანგრძლივი ბავშვები ბანაობის პროცესია, რომელიც 18:00 საათზე იწყება და 21:00 საათამდე გრძელდება. მის მეუღლეს საკუთარი საცხობი აქვს. ამის გარდა, ოჯახს დანიშნული აქვს შემწეობა – კვირაში 170 გირვანქა სტერლინგი.
ოჯახს „იუთუბზე“ საკუთარი არხი აქვს, რომელსაც ყოველდღე ანახლებენ.