ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ჯანდაცვის კომპანია BMJ Publishing Group Limited-ს (BMJ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და BMJ-ის გლობალური ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების, სტრატეგიული პარტნიორობის ხელმძღვანელმა მიტალი როზინსკიმ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ქართველ სპეციალისტებს ეძლევათ ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის ელექტრონულ სერვისებზე (BMJ Best Practice & BMJ Learning) წვდომის შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პლატფორმები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის საუკეთესო კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებაა. პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზის, ხარისხის გაუმჯობესების და სხვა მოდულებს მოიცავს, რომლებიც 20-ზე მეტ ქვეყანაშია აკრედიტებული. აღნიშნული ინიციატივით ექიმებს ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან რესურსებზე წვდომა უფასოდ შეეძლებათ.
როგორც ზაზა ბოხუამ აღნიშნა, საქართველო მიდის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემისკენ.
„ეს არის სამედიცინო პერსონალის, ადამიანური რესურსის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უწყვეტი სამედიცინო, უწყვეტი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. სელექტიურ კონტრაქტირებაში მყოფ კლინიკებს აქვთ ვალდებულება, გარკვეული კრედიტები დააგროვონ. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და სხვა პლატფორმებს მივანიჭეთ შესაბამისი კრედიტები. პლატფორმის უფასოდ გამოყენება შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვის, სოფლის ექიმებს, სახელმწიფო კლინიკების პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს, კლინიცისტებს“.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3-წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. ახალი მემორანდუმის თანახმად, 2020-2022 წლებში საქართველოს 15 000 ლიცენზია გადაეცემა.
ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან მემორანდუმი 2016 წელს, სამი წლის ვადით გაფორდა. წელს კი, დოკუმენტის განახლება მოხდა.