ბრიტანეთში დიდთოვლობამ სარკინიგზო და ავიარეისების შეფერხება გამოიწვია
დიდ ბრიტანეთში დიდთოვლობაა. კვირას, ამინდის გაუარესების გამო, ქვეყნის არაერთ ქალაქში აეროპორტებმა რეისები შეაჩერეს, შეფერხებული იყო სარკინიგზო მოძრაობაც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უელსის ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. ჰითროუს აეროპორტში კი არაერთი ევროპული მიმართულების რეისი კვლავ გაფრენის მოლოდინშია.
ჰითროუს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხებისთვის და შექმნილ ვითარებას იმით ხსნის, რომ თვითმფრინავების ყინულის საფარისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება. მათი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით ითხოვენ ავიაკომპანიები რეისების გადავადებას.
სატრანსპორტო შეფერხების გარდა, ბრიტანეთის არაერთ რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რიგ ქალაქებში კი დღეს დახურული იქნება სკოლებიც.