ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც ხუთი ბანკი და სამი ფიზიკური პირი მოხვდა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციები გამოაქვეყნა. ბრიტანეთი სანქციებს ხუთი ბანკისა და სამი ფიზიკური პირის წინააღმდეგ აწესებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აღნიშნული არის სასანქციო ზომების პაკეტის ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
„როიტერის“ მასალაში წარმოდგენილია სანქცირებული პირების სია და სიაში მოხვედრის მიზეზების ამონაწერი, რომელიც ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერაა მიწოდებული:
სანქცირებულთა სიაში მოხვდა გენადი ნიკოლაევიჩ ტიმჩენკო, რაც შეეხება მიზეზს, როგორც „როიტერი“ წერს: „ტიმჩენკო არის „ბანკ როსიას“ ძირითადი აქციონერი. „ბანკი როსია“ არის National Media Group-ის მთავარი დაინტერესებული მხარეს, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას ახორციელებს.“
სიაში მოხვდა ბიზნესმენი ბორის რომანოვიჩ როტენბერგიც, რომლის სიაში მოხვედრის მიზეზად დასახელებულია ის, რომ „მჭიდრო პირადი კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. როტენბერგი არის SMP Bank-ის ძირითადი აქციონერი და მის დირექტორთა საბჭოშია.“
კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ბრიტანეთის სასანქციო სიაშია არის იგორ როტენბერგი. „როიტერი“ წერს, ბიზნესმენი არის National Telematic Systems-ის (NTS) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტ პუტინთან მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს.
რაც შეეხება სანქცირებული იურიდიული სუბიექტების სიას, იქ მოხვდნენ:
1. „Bank Rossiya“, რომელიც „როიტერის“ ინფორმაციის მიხედვით, ფლობს მილიარდებს, „რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ პრეზიდენტ პუტინთან და გახსნა ფილიალები ყირიმში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ამ რეგიონის ანექსია მოახდინა.“
2. Black Sea Bank Development and Reconstruction, რომელიც „როიტერის“ ცნობით, არის „ყირიმის ბანკი, რომელიც შეიქმნა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. მან გამოიყენა ამ სექტორის შიში დასავლური სანქციების მიმართ და ყირიმში ბანკების ნაკლებობა.“
3. Joint Stock Company Genbank. „როიტერის“ ცნობით, Genbank არის რუსული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ მუშაობს ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „საბანკო და სხვა ფინანსური სერვისების მიწოდებით ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვას“, – ნათქვამია სააგენტოს მასალაში.
4. IS Bank-ის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის მიზეზად კი დასახელებულია შემდეგი: „დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ბანკი ყირიმში მუშაობდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ბანკებმა იქ ფუნქციონირება შეწყვიტეს. ის ახორციელებდა ფინანსურ მომსახურებას, რითაც ხელს უწყობს ყირიმის ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში ფინანსური სისტემის მეშვეობით“.
5. Public Joint Stock Company Promsvyazbank, რომელთან დაკავშირებითაც, „როიტერის“ მასალის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო ბანკი აფინანსებს რუსეთის სამხედროებს.“