ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - კრიტიკის მიუხედავად, სერგეი შოიგუ პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - კრიტიკის მიუხედავად, სერგეი შოიგუ პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ კრიტიკის მიუხედავად, პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო  დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, შოიგუ გასული კვირის განმავლობაში აქტიურად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ამით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხს აკონტროლებს.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ შოიგუმ სულ მცირე, ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვითი ოპერაციების შესახებ, მათ შორის განცხადებები უკრაინის დანაკარგებზე, რომლებიც გაზვიადებულია.

„ეს ეწინააღმდეგება ომის სხვა საკვანძო პერიოდებს, როდესაც ის არ ჩანდა საჯარო სივრცეში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

შოიგუმ ასევე მოუწოდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, გაეორმაგებინა ძალისხმევა და გააკრიტიკა დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცრები იმის გამო, რომ სარეზერვო ჯავშანტექნიკა ფრონტზე საკმარისად სწრაფად არ გაგზავნეს. „როგორც ჩანს, შოიგუ იაზრებს თავისი იმიჯის გადარჩენის აუცილებლობას მწვავე კრიტიკის ფონზე“, – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.