ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი „ნომერ პირველ საფრთხედ დაასახელა“. ინფორმაცია სააგენტო „დოიჩე ველეზევრცელდება.

The Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველ საფრთხედ გამოაცხადა. მისი განცხადებით, რუსული წყალქვეშა ნავები ბრიტანეთის მთელ სანაპიროსთან ახლოს მოძრაობენ, ხოლო რუსული გემები ხშირად შემოდიან ბრიტანეთის საზღვაო წყლებში.

მინისტრის თქმით, როგორც წესი რუსული გემები ლა-მანშის სრუტესა და ჩრდილოეთის ზღვაში შემოდიან, თუმცა 2020 წლის ბოლოს, რუსული წყალქვეშა ნავი ირლანდიის ზღვაში დააფიქსირეს. ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთი სხვადასხვა მეთოდით უკვე ეცადა დეესკალაციის მიღწევას, თუმცა რთული სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან საქმე ეხება „ქვეყანას, რომელმაც სოლსბერიში ხალხი მოკლა“.

დიდი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2018 წლის შემდეგ გაუარესდა, როდესაც სოლსბერიში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. მომხდარში ბრიტანეთი რუსეთს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ადანაშაულებს.