ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსი გენერლის, მიხაილ მიზინცევის გადაყენება აჩვენებს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ლოგისტიკის პრობლემები კვლავ ცენტრალურია
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსი გენერლის, მიხაილ მიზინცევის გადაყენება აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიისთვის ლოგისტიკის პრობლემები კვლავ ცენტრალურია. ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთს არ ჰყოფნის საბრძოლო მასალები წარმატებული შეტევისთვის. ეს უკმარისობა იწვევს შიდა უთანხმოებებს, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროსა და კერძო კომპანია „ვაგნერს“ შორის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის პოსტიდან მიზინცევის გადაყენება გუშინ ოფიციალურად დაადასტურა და მის პოსტზე გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსეი კუზმენკოვის დანიშვნის შესახებ განაცხადა.
მიზინცევი სამხედრო ლოგისტიკას ხელმძღვანელობდა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მინისტრის მოადგილის პოსტს მხოლოდ რვა თვეს იკავებდა.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთი კვლავ უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს თავდაცვის მრეწველობის მობილიზაციას, თუმცა ის კვლავ ვერ უმკლავდება ომის მოთხოვნებს.