ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელები აგრძელებენ ხარკოვის რეგიონის რუსული ძალებისგან გათავისუფლებას
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ჯარები აგრძელებენ ხარკოვის რეგიონში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნებას. დაზვერვის ცნობით, როგორც ჩანს, რუსეთმა თავისი შენაერთები გაიყვანა ხარკოვის რეგიონიდან, თუმცა ბრძოლა გრძელდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების, კუპიანსკისა და იზიუმის გარშემო.
ამასთან, ბრიტანეთის ძალოვანი უწყების ცნობით, პუტინის განცხადება, რომ აგვისტოს შემდეგ უკრაინიდან ექსპორტირებული მხოლოდ 60 ათასი ტონა მარცვლეული გაიგზავნა განვითარებად ქვეყნებში, ხოლო ექსპორტის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში შევიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში ამბობენ, რომ გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით 30% მიეწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ახორციელებს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რათა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს უკრაინას, მოახდინოს მისი დისკრედიტაცია და მინიმუმამდე დაიყვანოს ქვეყნის წინააღმდეგობა.