ბრიტანეთის საბჭომ და „ბრითიშ პეტროლიუმმა“ ინგლისური ენის კურსდამთავრებული ჟურნალისტებისთვის მიღება გამართა
ბრიტანეთის საბჭომ და „ბრითიშ პეტროლიუმმა“ (BP) იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც მედიის განვითარების პროგრამის ფარგლებში 15 წლის განმავლობაში ინგლისური ენის სასწავლო კურსები გაიარა, მიღება გამართა. პროგრამის მონაწილე ბეჭდური, სამაუწყებლო და ონლაინ მედიის 400-ზე მეტი წარმომადგენელია.
პროგრამის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭომ „ბრითიშ პეტროლიუმთან“ (BP) თანამშრომლობით ქართულ მედიას შესთავაზა საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარება, ასევე შეხვედრა ცნობილ ბრიტანელ მხატვრებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან და ჟურნალისტებთან.
საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს სწავლების ცენტრის მენეჯერის სტივენ შელის შეფასებით, აღნიშნული მედიაპროგრამა კავკასიაში უპრეცენდენტო იყო, რაც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია.
„15 წელია საქართველოში ვეხმარებით ჟურნალისტებს ისწავლონ ინგლისური ენა და ამით ვცდილობთ, ჰქონდეთ შესაძლებლობა უკეთესი კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების“, – განაცხადა სტივენ შელიმ.