ბრიტანეთის საბჭო უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროგრამას განახორციელებს
ბრიტანეთის საბჭო სახელწოდებით – „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა“ ახალ პროექტს განახორციელებს.
პროგრამისა და პარტნიორობის ფონდის ღია კონკურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყნებში. საქართველოს გარდა პროგრამა სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ხორციელდება.
პროგრამის სამი ძირითადი მიზანია ბრიტანულ-ქართული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური პარტნიორობის ჩამოყალიბება შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ცენტრების შექმნის მიზნით; სამეწარმეო უნარების განვითარება ტრენინგების სერიის ჩატარების გზით სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულთათვის და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის; ასევე, ინგლისური ენის ცოდნის ამაღლება არსებულ ონლაინპლატფორმებისა და ახალი კურსების საშუალებით.
პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო პარტნიორობის განვითარების მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე შემოქმედებით ინსტიტუციებს, მათ შორის, ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტების კულტურის დეპარტამენტებს, არასმთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს.