ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერი - რიში სუნაკი იმედგაცრუებულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროვიზიის ფინალზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იმედგაცრუებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროვიზიის ფინალზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს, – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის თქმით, სუნაკი მიიჩნევს, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა მიზანშეწონილი იქნებოდა, რადგან დიდი ბრიტანეთი უკრაინის სახელით მასპინძლობს ამ კონკურსს.
„ღირებულებები და თავისუფლება, რომლისთვისაც იბრძვიან უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინელი ხალხი, არ არის პოლიტიკური, ისინი ფუნდამენტურია“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ორგანიზაციის მენეჯმენტმა ვერ დააკმაყოფილა ზელენსკის თხოვნა, მიმართოს მაყურებელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რადგან ეს ღონისძიების წესებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავთ წინადადებით ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებით.