ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია ისრაელში მიღებული კანონით, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობას კრძალავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეშფოთებულია ისრაელის „ქნესეთის“ მიერ მიღებული ორი კანონპროექტით, რომლებიც, მისი თქმით, ფაქტობრივად კრძალავს ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობას
„კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მთელ პროცესს“, – ნათქვამია კირ სტარმერის განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია მიუღებელია.
„გვჭირდება ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა, მძევლების გათავისუფლება და ღაზაში დახმარების მნიშვნელოვანი გაზრდა. მხოლოდ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს შეუძლია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საჭირო მასშტაბითა და სიჩქარით“, – აცხადებს სტარმერი.