ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებას 21 ოქტომბერს უყრიან კენჭს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებას კენჭს 21 ოქტომბერს უყრიან. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კენჭისყრამდე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართება, რომლის საშუალებითაც კანონმდებლები გადაწყვეტენ, დაუჭირონ თუ არა მხარი შეთანხმებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა 17 ოქტომბერს მიიღეს.
დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული კენჭისყრა დღეს უნდა გამართულიყო. თუმცა ამის ნაცვლად კანონმდებლებმა შესწორებას დაუჭირეს მხარი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების თარიღის გადადებას გულისხმობს.
კერძოდ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმება მანამ არ დამტკიცდება, სანამ თემთა პალატაში ბრექსიტისთვის საჭირო ყველა კანონს არ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ისტორიული კენჭისყრისთვის გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლები უესტმინსტერის სასახლეში დღეს პირველად შეიკრიბნენ 37 წლის განმავლობაში.