ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მესამედ არ დაუჭირა მხარი
ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მესამედ არ დაუჭირა მხარი. შესწორებული ხელშეკრულების მომხრე 286 დეპუტატი იყო, 344-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრის შედეგი ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილ ბრექსიტის პროცესის დასრულებას და გაერთიანებიდან შეთანხმებით გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ოფიციალური ლონდონს შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების პროცესის გახანგრძლივებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს.
ტერეზა მეის განცხადებით, კენჭისყრას მძიმე შედეგები ექნება. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი არჩევნების ინიციატივით გამოვიდა. კენჭისყრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა 10 აპრილს ევროპული საბჭოს შეხვედრა დანიშნა. კენჭისყრის შემდეგ, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ 12 აპრილს ევროკავშირიდან ბრიტანეთის ხელშეკრულების გარეშე გასვლა სავარაუდო სცენარია.