ბრიტანეთის პარლამენტი - რუსეთის „ბინძური ფული" გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა რუსული „ბინძური ფულის“ შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. საგარეო საქმეთა კომიტეტის შეფასებით, რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში გადარიცხული „ბინძური ფულის“ შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით აჭარბებს რუსული ტრანზაქციების დადებით შედეგს და გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა არ უნდა დახუჭოს თვალი პუტინის კლეპტოკრატების ქმედებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც ფულის გათეთრებით „ასუსტებენ ჩვენ ალიანსებს” და ძირს უთხრიან ინსტიტუტებისადმი ნდობას.
დიდი ბრიტანეთის კრიმინალთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში ასობით მილიონი დოლარის გათეთრება ხდება. მათივე თქმით, ლონდონს კრემლთან დაკავშირებული პირების კორუფციული აქტივების ბაზად იყენებენ, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მონაცემებით, ლონდონმა მოკავშირეებთან ერთად უნდა გაართულოს რუსეთის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების პროცედურა.