ბრიტანეთის მოქალაქე ნიგერიელ ქალებს ჯადოს მუქარით პროსტიტუციას აიძულებდა
წარმოშობით ლიბერიელი ქალი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნიგერიელი ქალების გადაბირების ოპერაციას. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. საქმის მასალებიდaნ ირკვევა, რომ ის ახალგაზრდა ქალებს ვუდუს ოკულტური ჯადოს გაკეთებით ემუქრებოდა და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა.
ბირმინგემის სასამართლომ 51 წლის ჟოზეფინ იამუ, რომლის ზედმეტსახელია მადამ სანდრა, ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ იამუმ ნიგერიაში საქველმოქმედო ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც ქალებს უნდა დახმარებოდა. სინამდვილეში კი ამ გზით ის პოულობდა მსხვერპლს, რომელთაც ევროპაში კარგ ცხოვრებას პირდებოდა, შემდეგ კი ახალგაზრდა ქალებს პროსტიტუციას აიძულებდა და ჯადოთი აშინებდა, რათა ისინი პოლიციაში არ მისულიყვნენ.
საქმის მასალებში წერია, რომ ევროპაში გამგზავრებამდე ქალები ვუდუს რიტუალში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათ ქათმის გულს აჭმევდნენ, ასმევდნენ სისხლს და კანს სამართებლით ჭრიდნენ. ამასთან ერთად ქალებს გერმანიაში გადაყვანის სანაცვლოდ 38 000 ევრო უნდა გადაეხადათ.
გერმანიაში ნიგერიელ გოგონებს სექს მუშაკებად ამუშავებდნენ და თვეში 1500 ევროს გადახდას სთხოვდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ერთ-ერთი საროსკიპოს მფლობელმა აღმოაჩინა, რომ მასთან მომუშავე ნიგერიელ ქალს ყალბი პასპორტი ჰქონდა.
ამის შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია, რომელშიც ჩართულები იყვენენ გერმანელი, ბრიტანელი და ნიგერიელი სამართალდამცავები. შედეგად, დამნაშავეთა ჯგუფის ხელმძღვანელი ბრიტანელი ქალი შარშან აგვისტოში დააკავეს. თუმცა, პატიმრობაში მყოფი მადამ სანდრა მაინც აგრძელებდა მსხვერპლზე ზეწოლას. კერძოდ, აშინებდა გოგონების ოჯახის წევრებს, ასევე მოისყიდა სამართალდამცავები და რამდენიმე ქალის ნათესავი დააპატიმრებინა კიდეც.
გაეროს მონაცემებით, ყოველ წელს ასობით ნიგერიელ გოგონას აიძულებენ, მონაწილეობა მიიღონ ვუდუს რიტუალებში, რომლის დროსაც ქალებს ეუბნებიან, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათი ნათესავები ავად გახდებიან, ან სიკვდილი დაემუქრებათ.