ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს
ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მას არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.
„დიდი პატივი იყო ამ თანამდებობაზე მსახურება, მაგრამ, სამწუხაროდ, სუფთა სინდისით ამ თანამდებობაზე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ“, – წერს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერზე.
როგორც მედია წერს, მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც ბრიტანეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.
ამასთან, გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონთან დაკავშირებით წერს: „დანანებით უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათელია, ეს სიტუაცია არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით და ამიტომ თქვენც დაკარგეთ ჩემი ნდობა“.
ამავდროულად, ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საზოგადოება სამართლიანად მოითხოვს, მთავრობამ იმუშაოს კომპეტენტურად და სერიოზულად.
„ვხვდები, რომ შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო სამსახური იყოს მინისტრის რანგში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს და სწორედ ამიტომ თანამდებობას ვტოვებ“, – წერს რიში სუნაკი. სუნაკის განმარტებით, მისთვის ნათელი გახდა, რომ არსებულ მთავარობაში მიდგომები ფუნდამენტურად განსხვავებულია.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სკანდალის გამო ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მინისტრების გადადგომის პროცესი თუ გაგრძელდება, ბორის ჯონსონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა გაუჭირდება.