ბრიტანეთის ელჩი - გამორჩეული წელია, აღვნიშნავთ დედოფლის იუბილეს, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო წარმატებული იქნება
გამორჩეული წელია, რადგან აღვნიშნავთ დედოფლის პლატინის იუბილეს, ის უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მარკ კლეიტონის თქმით, ეს წელი ასევე იმით არის გამორჩეული, რომ აღნიშნავენ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ხელახლა დამყარების 30 წლის იუბილეს.
მისი განცხადებით, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები სულ უფრო უკეთესი და წარმატებული იქნება.
„მოხარული ვარ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, მოგვეწვია ბრიტანეთის საელჩოს მეგობრები და პარტნიორები, რათა გვეზეიმა დედოფლის დაბადების დღე. ეს გამორჩეული წელია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ დედოფლის პლატინის იუბილეს. ის უკვე 70 წელია, ტახტზე იმყოფება და უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის. ეს წელი ასევე გამორჩეულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ხელახლა დამყარების 30 წლის იუბილეს და მე აქ ვარ, რათა განვაცხადო, რომ ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო უკეთესი და წარმატებული იქნება“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, მარკ კლეიტონის თქმით, „გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ნატო-სთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა“.
„პირველ რიგში, ნატო ევროპული უსაფრთხოების საფუძველია და ჩვენ განვაგრძობთ მასში ინვესტირებას. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვამბობთ, რომ უკრაინაში შეჭრის შედეგად, ჩვენ გვჭირდება ქვეყნების მხარდაჭერა უფრო ფართო ევროპულ რეგიონში, ეს გულისხმობს საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნებს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, გავაძლიეროთ მათი უსაფრთხოება და სიმტკიცე საფრთხეების წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო იმუშავებს ამ მიზანზე ნატო-ს მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.