ბრიტანეთის ელჩი გაეროში - რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც ვიხილეთ საქართველოსა და ყირიმში
რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც ჩვენ ყირიმსა და საქართველოში ვიხილეთ, – განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა.
„რუსეთის მთავრობა გეგმავს მკვლელობებს, ამის გამოცდილება მათ აქვთ, ისინი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევიან. რუსეთი არაფრად მიიჩნევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს“, – განაცხადა ჯონათან ალენმა.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას, რომ რუსეთი დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დგას.
„რუსეთს აქვს დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების შეკვეთილი მკვლელობების გამოცდილება, ისინი მათ კანონიერ სამიზნედ მიიჩნევენ. ამის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ, დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი იდგა.
ჩვენ დრო მივეცით რუსეთის მთავრობას არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მათ განმარტება არ გააკეთეს. აქედან გამომდინარე, როგორც მანამდეც განვაცხადეთ, ამან ხაზი გაუსვა მათ პასუხისმგებლობას მომხდარზე. ეს გაეროს წესდების მე-2 მუხლის დარღვევაა, რაც ძალის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს“, – განაცხადა ჯონათან ალენმა.