ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალები შეავსოს
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალები შეავსოს

რუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალების რეორგანიზაცია და შევსება მოახდინოს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების სადაზვერვო ცნობებშია ნათქვამი.

„უკრაინული ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით კონტრშეტევებს აგრძელებენ და რუსეთის საზღვრის მიმართულებით რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. დონბასში რუსეთის ოპერაციების პრიორიტეტულობამ ხარკოვის რეგიონში განლაგებული ქვედანაყოფები დაუცველი გახადა მობილური და უაღრესად მოტივირებული უკრაინის კონტრშეტევითი ძალების მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე ხარკოვის გარშემო მიღწეული წარმატების მიუხედავად, დიდი დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ამ ტერიტორიიდან ქვედანაყოფები გამოიყვანა რეორგანიზაციისა და ძალების შესავსებად.

ბრიტანული სადაზვერვო ცნობებით, ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები, გაძლიერების შემდეგ სავარაუდოდ მდინარე სევერსკი დონეცკის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგდებიან, შექმნიან ბლოკირებულ ძალას, რათა დაიცვან მთავარი რუსული ძალების კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგი და იზიუმის რეგიონში ძირითადი საოპერაციო მარშრუტები.

„რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის რეგიონიდან ამის იმის „მდუმარე აღიარება“, რომ რუსეთი უკრაინის იმ მთავარი ქალაქების ხელში ჩადებას ვერ ახერხებს, სადაც ხალხის შეზღუდული წინააღმდეგობა იყო მოსალოდნელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.