ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დასახელებული თანხით დიდი ბრიტანეთი აორმაგებს საკუთარ ვალდებულებას უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც კონფლიქტის გამო გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შემდეგ. აღნიშნული თანხა უკრაინას გადაეცემა რეზერვებიდან, რომელსაც ბრიტანეთი საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებს.
„პუტინის სასტიკი თავდასხმა უკრაინაში იწვევს არა მარტო აუწერელ განადგურებას, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ამ თვის ბოლოს თავდაცვის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომელზედაც წარმოების გაზრდას განიხილავს, უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ.
ამასთან, დღეს დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელში მონაწილეობასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.